სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეები საქმეებს ვიწრო სპეციალიზაციით განიხილავენ

თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეები საქმეებს ვიწრო სპეციალიზაციით განიხილავენ.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 10 ხმით 4-ის წინააღმდეგ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა, ადმინისტრაციულ საქმეთა და სისხლის სამართლის საქმეთა პალატებში მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციები შექმნა.

მთავარი კითხვა, რაც საკითხის განხილვისას გაუჩნდა როგორც იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარეს, ასევე არამოსამართლე წევრებს, ვიწრო სპეციალიზაციის მოსამართლეთა რაოდენობას ეხებოდა.

საკითხის მოწინააღმდეგეების მოსაზრებით, აუცილებელია საქმეთა ელექტრონული განაწილების დროს შემთხვევით შერჩევის პრინციპის დაცვა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე აქცენტს, მოსამართლის ნებასა და გამოცდილებაზე აკეთებდა, თუმცა საბჭოს წევრებმა აღნიშნული წინადადება კენჭისყრისას არ გაითვალისწინეს.

დამტკიცებული პროექტის მიხედვით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მოსამართლეები ვიწრო სპეციალიზაციის მიხედვით განიხილავენ საქმეებს.

წინასწარი ვერსიით, ყველაზე დიდ სპეციალიზაციაში გათვალისწინებულია მაქსიმუმ ორი შემადგენლობა, თითო შემადგენლობაში კი სამი მოსამართლე.

საქმეთა ელექტრონული განაწილების წესის მიხედვით, საქმის მომხსენებელი მოსამართლე შემთხვევითი შერჩევით შეირჩევა, დანარჩენი ორის ვინაობას კი თავად მომხსენებელი გადაწყვეტს.

არამოსამართლე წევრებს ასევე მიაჩნიათ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით, საბჭომ ვიწრო სპეციალიზაციების დაკომპლექტების ძალაუფლება გადასცა სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს მიხეილ ჩანჩალაძეს. საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე არამოსამართლე წევრების მოსაზრებას აბსურდულს უწოდებს.