თბილისის სააპელაციო სასმართლოში საქმეებს მოსამართლეები ვიწრო სპეციალიზაციით განიხილავენ
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 10 ხმით 4-ის წინააღდეგ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა ადმინისტრაციულ საქმეთა და სისხლის სამართლის საქმეთა პალატებში მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციების შექმნა დაამტკიცა.
მთავარი კითხვა, რაც საკითხის განხილვისას გაჩნდა როგორც იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარის, ასევე არამოსამართლე წევრების მხრიდან, ეს არის ვიწრო სპეციალიზაციის მოსამართლეთა რაოდენობა.
საკითხის მოწინააღმდეგეების მოსაზრებით, აუცილებელია საქმეთა ელექტრონული განაწილების დროს შემთხვევით შერჩევის პრინციპის დაცვა და შესაბამისად თითოეულს სპეციალიზაციაში მოსამართლეთა შესაბამისი რაოდენობა, რაც ამ პრინციპის დაცვას ხელს შეუწყობს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე აქცენტს მოსამართლის ნებასა და გამოცდილებაზე აკეთებდა. თუმცა საბჭოს წევრებმა აღნიშნული წინადადება კენჭისყრისას არ გაითვალისწინეს.
დამტკიცებული პროექტის მიხედვით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, საქმეებს მოსამართლეები ვიწრო სპეციალიზაციის მიხედვით განიხილავენ. წინასწარი ვერსიით, ყველაზე დიდ სპეციალიზაციაში გათვალისწინებულია მაქსიმუმ ორი შემადგენლობა, თითო შემადგენლობაში კი სამი მოსამართლე. საქმეთა ელექტრონული განაწილების წესის მიხედვით, საქმის მომხსენებელი მოსამართლე შემთხვევითი შერჩევით შეირჩევა, დანარჩენი ორის ვინაობას კი სავარაუდოდ სასამართლოს თავმჯდომარე გადაწყვეტს.