ანა დოლიძე - იუსტიციის უმაღლესი სკოლა უნდა გახდეს დამოუკიდებელი სუბიექტი, რომელიც თავად გადაწყვეტს, როგორ და როდის მიიღოს სტუდენტები
ანა დოლიძე - იუსტიციის უმაღლესი სკოლა უნდა გახდეს დამოუკიდებელი სუბიექტი, რომელიც თავად გადაწყვეტს, როგორ და როდის მიიღოს სტუდენტები

იუსტიციის უმაღლესი სკოლა უნდა გახდეს დამოუკიდებელი სუბიექტი, რომელიც თვითონ გადაწყვეტს, როგორ და როდის მიიღოს სტუდენტები, მსმენელები, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მსმენელთა ჩარიცხვა არ უნდა იყოს დამოკიდებული საბჭოს წევრების ნებაზე.

როგორც დოლიძემ განაცხადა, აუცილებელია, აღნიშნული წესის ცვლილება, რომ სასამართლო სისტემა გაჯანსაღდეს.

„ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რომ სამოსამართლეო სწავლებამ და სკოლაში ჩარიცხვამ შეიძინოს თავისი მნიშვნელობა. აუცილებელია, სკოლაში ჩარიცხვა მოხდეს ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე და არ იყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თვითნებური გადასაწყვეტი, როგორც ეს დღეს არის. სკოლაში სწავლება პირდაპირ უნდა იყოს დაკავშირებული მოსამართლედ დანიშვნასთან. ანუ სკოლაში ჩარიცხვა და სკოლის დასრულება არ უნდა იყოს დამოკიდებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ნებაზე. ეს უნდა იყოს განსაზღვრული ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე, მაშინ მივიღებთ კომპეტენტურ და დამოუკიდებელ სასამართლო კორპუსს. დღესდღეობით, იუსტიციის უმაღლესი სკოლის მართვაში პირდაპირ არის ჩართული იუსტიციის საბჭო. სკოლის მსმენელების დაკომპლექტებას იუსტიციის საბჭო ასევე ნაწილობრივ ახორციელებს. ანუ სამოსამართლეო გამოცდის ჩაბარებას არ აქვს იმხელა მნიშვნელობა, რამდენადაც არაობიექტურ კრიტერიუმებზე დამოკიდებულ შეფასებას. სკოლა უნდა გახდეს დამოუკიდებელი სუბიექტი, რომელიც თვითონ გადაწყვეტს, როგორ და როდის მიიღოს სტუდენტები, მსმენელები. ეს უნდა გაკეთდეს ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე და არა ისე, როგორც ახლა ხდება, რომ გაურკვეველი მიზეზებით ადამიანები სკოლაში არ ირიცხებიან და გაურკვეველი მიზეზებით არ ინიშნებიან ისინი მოგვიანებით მოსამართლეებად“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი კი აცხადებს, რომ იუსტიციის უმაღლესი სკოლა არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი.

მიქაუტაძის თქმით, საბჭოს როლი სკოლის საქმიანობაში არის მინიმალური.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭო ცდილობს მაქსიმალურად ნაკლებად ჩაერიოს სკოლის საქმიანობაში და ეს მოსაზრებები, რომელსაც ჩვენ ვისმენთ, ხშირ შემთხვევაში არ შეესაბამება სიმართლეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როლი სკოლის საქმიანობაში შემოიფარგლება მხოლოდ მცირედით“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.