„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე,“ – პრესის თავისუფლების 2019 წლის რეიტინგში საქართველო 180 ქვეყანას შორის მე-60 ადგილზე მოხვდა. ანგარიშში წერია, რომ საქართველოს მედიაგარემო პლურალისტულია, თუმცა კვლავ ძალიან პოლარიზებული.
დოკუმენტის ავტორთა განცხადებით, ბოლო წლებში გატარებულმა რეფორმებმა სიტუაცია გააუმჯობესა, თუმცა მედიასაშუალებების მფლობელები სარედაქციო პოლიტიკაში მაინც ხშირად ერევიან.
„ამასთან, „რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარე სასამართლო დავის შედეგს დიდი ზეგავლენა ექნება. ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის შემთხვევების რიცხვი შემცირებულია, თუმცა იუწყებიან მუქარის შესახებ. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცების საქმის გამოძიებას ჯერ დამაჯერებელი შედეგი არ მოუტანია,“ – ვკითხულობთ ანგარიშში.
ყოველწლიური რეიტინგის ლიდერები ნორვეგია, ნიდერლანდები და ფინეთი არიან. ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა თურქმენეთმა და ჩრდილოეთ კორეამ.