11-სართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ ვაკეში, შალვა რადიანის ქუჩაზე.
ადგილობრივების განცხადებით, მშენებლობა საფრთხეს უქმნის მომიჯნავე სახლებს. გარდა ამისა, მათი განცხადებით, ადგილი, სადაც კორპუსი შენდება არის ჩიხი და ახალი მასშტაბური შენობის აგება ტერიტორიაზე პრობლემას შეუქმნის სასწრაფო თუ სახანძრო მანქანების გადაადგილებას.
რადიანის ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, რომ საკითხი გასაჩივრდა სასამართლოში. კომპანიას კი შეუჩერდა K2-ის კოეფიციენტი. თუმცა მშენებლობა არ შეჩერებულა. ადგილობრივების პრეტენზიებს არ იზიარებენ მშენებელ კომპანიაში, სადაც ამბობენ, რომ პროექტი ნორმების და არსებული კანონმდებლობის სრული დაცვით ხორციელდება.
თბილისის მერიაში ამბობენ, რომ პროექტი 2015 წლის 25 დეკემბერს შეთანხმდა და საკითხზე მიმდინარეობს სასამართლო დავა.