შემთხვევა წყნეთის ქუჩაზე

ვაკეში, წყნეთის მე-5 შესახვევში საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ მიწის მასა ჩამოიშალა და სამანქანე გზის ნაწილი ჩაინგრა. შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს ორსართულიანი შენობის მშენებლობა. ადგილობრივების განცხადებით, მიწის ჩამოშლა სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია.

ადგილობრივები ამბობენ, რომ სამშენებლო ობიექტის ტერიტორია მეწყერსაშიში ზონაა. სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელების თქმით კი, მშენებლობის ნებართვის საფუძველზე გეგმით გათვალისწინებულ სამუშაოებს ასრულებდნენ, კერძოდ, გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობა მიმდინარეობდა.

მათივე თქმით, აღმოჩნდა, რომ სამანქანე ასფალტის ზედაპირი ნაყარ მიწაზე იყო დაგებული და მიწის ჩამოშლა სწორედ ამან გამოიწვია. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ თბილისის მერიის წარმომადგენლები და ვაკის გამგებელი. მათი განცხადებით, შემთხვევას მუნიციპალური ინსპექცია შეისწავლის, მანამდე კი მშენებლობა არ გაგრძელდება.