თბილისში წარმომადგენლობითი ქართულ-იაპონური ბიზნესფორუმი მიმდინარეობს. ის საქართველოში იაპონიის საელჩოსა და საქართველოს ბიზნესასოციაციის ორგანიზებით ტარდება და მასში 30 იაპონური კომპანია მონაწილეობს. სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობები, შუა დერეფნისა და საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის პერსპექტივები, განახლებადი ენერგიის გენერაციის ხელშეწყობა და მდგრადი განვითარება – ეს არის თემები, რომელიც ფორუმზე განიხილება. ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ სიტყვით გამოსვლისას, იაპონური ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნო ქვეყნის ეკონომიკის ძირითადი ტენდენციები და მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, აგრეთვე ცალკეულ სექტორში არსებული ვითარება, მათ შორის, ენერგეტიკაში, ტრანსპორტში, საპორტო ინფრასტრუქტურაში. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და იაპონიას შორის ინვესტიციების ლიბერალიზაციის, ხელშეწყობისა და დაცვის შეთანხმების ძალაში შესვლის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, შეთანხმება ხელს შეუწყობს კერძო კაპიტალის მოძრაობას, სამეწარმეო ინიციატივების სტიმულირებას, ეკონომიკური რესურსების ეფექტურად განვითარებას და საქართველოსა და იაპონიას შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს.