ირაკლი კობახიძე საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერი საუდის არაბეთის სამეფოს ინვესტიციების მინისტრს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სხვადასხვა მიმართულებით ორმხრივ თანამშრომლობაზე. პარტნიორობის გაღრმავებაზე, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით. აღინიშნა, რომ ორმხრივი თანამშრომლობის უფრო მეტად განვითარებას ხელს შეუწყობს საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნესფორუმი, რომელიც თბილისში ტარდება. საუბრისას ასევე ყურადღება დაეთმო საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოსა და პოტენციალს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო გამოთქვამს მზადყოფნას, აქტიურად იმუშაოს საუდის არაბეთსა და საქართველოს შორის ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის შესახებ შეთანხმებაზე, ასევე თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების განახლებაზე. შეხვედრაზე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საქართველოს პრემიერი. „სასიამოვნო იყო საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრ ხალიდ ალ ფალიჰთან შეხვედრა. საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის კავშირების გაძლიერება აუცილებელია ურთიერთხელსაყრელი ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობისთვის. სპარსეთის ყურის არაბთა სახელმწიფოების მთელ რეგიონში თანამშრომლობის გაძლიერების იდეის ერთგულია საქართველო“, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.