საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური კომისია

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის რიგით მერვე სხდომაში მიიღო მონაწილეობა. კომისიის თანათავმჯდომარის რანგში, მან სხდომის ოქმს მოაწერა ხელი, რომელშიც ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები აისახა. საქართველოსა და ჩინეთის დელეგაციებმა განიხილეს საკითხების ფართო სპექტრი. მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური სფერო და თავისუფალი ვაჭრობის გაღრმავების პერსპექტივები, საინვესტიციო ურთიერთობები, სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა და ინფრასტრუქტურა, საინფორმაციო ტექნოლოგიები და ინოვაციები, ტურიზმი. ასევე განიხილეს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესების შესახებ.