პროკურატურა წინა ხელისუფლების დროს უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას განაგრძობს.
უწყების გადაწყვეტილებით, 63 დაზარალებულ მოქალაქეს ზუგდიდისა და ხობის რაიონებში 67 მიწის ნაკვეთი დაუბრუნდება.
სამართალწარმოების პროცესში ჩატარებული მოქმედებების შედეგად, აღნიშნული მოქალაქეები დაზარალებულად ცნეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2009-2010 წლებში ეკონომიკის სამინისტრომ, ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის საჯარო რეესტრში ყალბი საკადასტრო ნახაზი გადაგზავნა და მოქალაქეების საკუთრებაში არსებული 2 000 ჰექტარზე მეტი ფართობის მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებაში დაარეგისტრირა.
დანაშაულში მხილებული ყოფილი საჯარო მოხელეების პასუხისმგებლობაში მიცემის საკითხი გამოძიების დასრულების შემდეგ გაირკვევა.