ცივი ომის დასრულების შემდეგ პატიმართა ყველაზე მასშტაბური გაცვლა – ანკარა გუშინ მსოფლიოს ყურადღების ცენტრში იყო. შვიდი ქვეყნის ჩართულობით რთული მოლაპარაკებები დასრულებულია – რუსეთმა და ბელორუსმა დასავლეთის ქვეყნებთან პატიმრები გაცვალეს. გათავისუფლებულია 26 ადამიანი, აქედან 16 რუსეთის ციხეებში იხდიდა სასჯელს. მათ შორის არიან ცნობილი რუსი ოპოზიციონერი ლიდერები – ილია იაშინი და ვლადიმირ კარა-მურზა, ამერიკის სამი და გერმანიის ხუთი მოქალაქე, „უოლ სთრით ჯოურნალის“ რეპორტიორი ევან გერშკოვიჩი და 2018 წელს მოსკოვში დაკავებული, ყოფილი ამერიკელი საზღვაო ქვეითი პოლ უილანი. თავისუფალია ჩეჩნური წარმოშობის საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის უვადო პატიმრობამისჯილი ვადიმ კრასიკოვიც, რომელიც ბერლინში იხდიდა სასჯელს. კომპლექსური ოპერაცია და ემოციური დახვედრა რუსეთის საპატიმრო დაწესებულებებიდან გათავისუფლებულებთან. ვაშინგტონი ადასტურებს, რომ შეთანხმება ითვალისწინებდა ალექსეი ნავალნის გათავისუფლებასაც, რომელიც თებერვალში ციხეში გარდაიცვალა.