ტყვეების გაცვლა უკრაინასა და რუსეთს შორის

უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების სააღდგომო გაცვლა შედგა. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის ცნობით, უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 130 ადამიანი დაიბრუნა. უკრაინის ქალაქებზე რუსეთის იერიშების შედეგად, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 4 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. აღდგომის ღამით, რუსეთის ძალებმა ასევე მასირებული იერიში მიიტანეს ზაპოროჟიეს ოლქზე. დანგრეულია ეკლესია. რუსი სამხედროების მიერ ნიკოლაევის ოლქის დაბომბვას კი ორი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ უკრაინის ძალებმა ფრონტზე მტრის 60 თავდასხმა მოიგერიეს და რუსეთის ძალების კუთვნილი „სუ-25“-ის ტიპის თვითმფრინავი ჩამოაგდეს. საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრად ისევ ბახმუტი და მარიინკა რჩება.