ომი უკრაინაში და სასურსათო კრიზისის საფრთხე

მსოფლიო ბაზრები მარცვლეულის შესაძლო კრიზისის საფრთხის წინაშე დგანან.

პროდუქტებით სტაბილური მომარაგების საფრთხე შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებიდან რუსეთის გასვლის შემდეგ გაჩნდა. მოსკოვი უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს დაბომბვებით ბლოკავს. საფრონტო ბრძოლების გარდა რუსეთის მთავარი სამიზნე ოდესის რეგიონში სწორედ უკრაინული მარცვლეულის საწყობებია. საპორტო საწყობებთან ერთად რუსეთმა რაკეტები რუმინეთის მოსაზღვრე უკრაინული პორტებისკენაც მიმართა. ალტერნატიული სამარშრუტო გზების ძიების პარალელურად მსოფლიო ლიდერები მოსკოვს შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებაში დაბრუნებისკენ მოუწოდებენ, თუმცა მოსკოვი თურქეთის შუამავლობით ერთი წლის წინ ხელმოწერილი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე კვლავ უარს აცხადებს.