ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვარი რამდენიმე დღით ჩაიკეტება
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების 11 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების გამო, ე.წ. საზღვრის რამდენიმე დღით ჩაკეტვა გადაწყვიტა.
ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ცნობით, დღეს, 20:00 საათიდან ე.წ. საზღვარზე მოქალაქეთა გამარტივებული გასვლის პუნქტებში ხალხის გაშვება შეწყდება. მუშაობა განახლდება 27 აგვისტოს დილის 06:00 საათზე, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
რაც შეეხება რუსი სამხედროების გადაადგილებას, მესამე დღეა სოფელ გუგუტიანთკარში ოკუპანტები არ გამოჩენილან. 7 აგვისტოდან დღემდე მათ სოფელში 160-მდე ბოძი დაამონტაჟეს, რამაც საოკუპაციო ბარიერის სიგრძე 400 მეტრით გააგრძელა და ორი ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთებიც მოიყოლა.
ერთ კვირაში ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართება, სადაც ქართული მხარე მთავარ თემად გუგუტიანთკარში მიმდინარე მცოცავი ოკუპაციის საკითხის დაყენებას აპირებს.