ხანძარი ოკუპირებულ აფხაზეთში

მძიმე კადრები აფხაზეთიდან. გალის შემდეგ სტიქიის ეპიცენტრი გაგრაა. ცეცხლი უკიდია ტყის მასივს, პერიოდულად ახალი კერები ჩნდება სანაპირო ზოლის გასწვრივ მთიან ნაწილში. არსებობს საფრთხე, რომ ხანძარი კურორტ გაგრასთან დასახლებულ ტერიტორიაზეც გავრცელდეს. ერთ-ერთ კერას საცხოვრებელ კორპუსებთან მხოლოდ 150 მეტრი აშორებს. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ადგილობრივების ევაკუაცია გახდეს საჭირო. ოფიციალური თბილისი ოკუპირებული რეგიონის დასახმარებლად მზად არის. თუმცა სერგეი შამბას სახელით დე-ფაქტო ხელისუფლებამ, რომელსაც სახანძრო ვერტმფრენიც კი არ აქვს, შეთავაზებაზე უარი თქვა. ტყის ძლიერი ხანძრის კერები იყო გუდაუთაში, ტყვარჩელის, ოჩამჩირის და გალის სოფლებშიც, სადაც სტიქიამ მძიმე კვალი დატოვა. ცალკეული კერები, სავარაუდოდ, ახლაც აქტიურია.