დახურულ კარს მიღმა საორგანიზაციო სხდომაზე სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს. პარლამენტის ნდობის ჯგუფს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია ხელმძღვანელობს. ნდობის ჯგუფში უმრავლესობის კვოტით ასევე ალექსანდრე ტაბატაძე და ანრი ოხანაშვილი შედიან. ჯგუფში ამ დრომდე ვაკანტურია საპარლამენტო ოპოზიციისთვის განკუთვნილი ორი ადგილი. კანდიდატის წარდგენა ოპოზიციის იმ ნაწილს შეეძლება, რომელიც პარლამენტში ფრაქციას შექმნის. კანონმდებლობით ნდობის ჯგუფი თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საიდუმლო საქმიანობასა და სპეციალურ პროგრამებს ზედამხედველობს.