ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული პრობლემები, გამოწვევები და კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების გზები – ამ თემებზე ისაუბრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გაერო-ში სიტყვით გამოსვლისას.
ქართული მხარის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე მიხეილ ჯანელიძემ ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე. ქვეყნის პირველმა დიპლომატმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, ამ რეგიონებში სადამკვირვებლო მისიების დაშვების აუცილებლობას, რომელსაც რუსეთი ეწინააღმდეგება.
გამოსვლას დარბაზში შეკრებილი ათობით მაღალი რანგის სტუმარი ისმენდა.
შეხვედრა და დიალოგი, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, გაერო-ს მაღალი დონის დისკუსიის ფარგლებში შედგა, რომელიც წელს მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების თემას ეძღვნებოდა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა სიტყვით გამოსვლაში ისაუბრა მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის დეტალებზეც. ამის შემდეგ უკვე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებით სიტყვით გამოსვლის სურვილი დარბაზში მყოფმა 15-დე მაღალი რანგის სტუმარმა გამოთქვა.