მიხეილ ჯანელიძე - ჩვენი მიზანია, შავი ზღვა იყოს უსაფრთხო, მშვიდობის, ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ზღვა 
მიხეილ ჯანელიძე - ჩვენი მიზანია, შავი ზღვა იყოს უსაფრთხო, მშვიდობის, ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ზღვა 

ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველო ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის რიგით 97-ე სემინარი გახსნა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

სემინარზე სახელწოდებით – „საქართველო და შავი ზღვის რეგიონი ახალ გეოპოლიტიკურ დღის წესრიგში“, მინისტრმა მიმოიხილა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, რეფორმების დღის წესრიგი და პერსპექტივები.

„დღევანდელი სემინარის ძირითადი თემაა საქართველო და შავი ზღვის როლი რეგიონში ახალ გეოპოლიტიკურ წესრიგში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან თქვენ ბრძანდებით აჭარაში, საქართველოს მხარეში რომელიც განსაკუთრებულად აქტიურად ვითარდება და წარმოადგენს სახეს, იმისა თუ როგორ უნდა ვითარდებოდეს შავიზღვისპირეთი, რა მიდგომები და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები უნდა არსებობდეს. ჩვენ კარგად ვხედავთ იმ დიდ პროგრესს, რომელიც მიღწეულია აჭარაში და ბათუმში”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ვიცე-პრემიერმა საკუთარ გამოსვლაში განსაკუთრებით ყურადღება გაამახვილა ნატო-საქართველოს თანამშრომლობასა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე. მინისტრი ასევე შეეხო ნატო-ს მომავალი სამიტის საკითხებს, რომელსაც მისი თქმით საქართველო კარგად მომზადებული ხვდება.

„ჩვენ გამოვხატეთ მზაობა, ასევე გამოითქვა სურვილი ნატო-ს მხრიდან, რომ გავაღრმავოთ დიალოგი შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე. ჩვენ აუცილებლად გადავდგამთ ნაბიჯებს, რომელიც საქართველოს კიდევ უფრო მეტ კონტრიბუტორს გახდის შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში. ჩვენი მიზანია შავი ზღვა იყოს უსაფრთხო, მშვიდობის, ეკონომიკური განვითარების, თანამშრომლობის ზღვა და ამას რა თქმა უნდა მივაღწევთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობით” – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მიხეილ ჯანელიძემ ასევე ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის სიკეთეებით იქ მცხოვრებმა მოსახლეობამ ისარგებლოს.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პაოლო ალიმ, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ და ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი სესიაშვილმა, შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლუკას ბეგლინგერმა, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა როსარია პულისმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ.