საქართველოს პირველი არხის შეთავაზებას, რომელიც სპეციალურ საარჩევნო ფორმატში კვალიფიციური სუბიექტების წარმომადგენლების მონაწილეობას გულისხმობს, ხუთი პოლიტიკური სუბიექტი დათანხმდა. თოქ-შოუში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ საკუთარი პროგრამა წარადგინეს, „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“; „ქართული ოცნება“, პარტია „თავისუფალი საქართველო“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ და პარტიის „თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა“ კანდიდატებმა.
მოსახლეობის პრობლემებზე და ამ საკითხების მოგვარების საკუთარ ხედვაზე ზესტაფონისა და მარნეულის კანდიდატებმა ისაუბრეს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენლებმა კი გადაცემაში მონაწილეობაზე უარი თქვეს.
საქართველოს პირველმა არხმა ხუთივე მუნიციპალიტეტში მერის რიგგარეშე არჩევნებში მონაწილე კვალიფიციური სუბიექტების კანდიდატებს სპეციალურ საარჩევნო გადაცემაში მონაწილეობა 13 მაისს შესთავაზა. ზუგდიდის, ხულოსა და ჭიათურის შემთხვევაში, ვინაიდან მხოლოდ თითო კვალიფიციურმა კანდიდატმა გამოთქვა გადაცემაში მონაწილეობაზე თანხმობა, დებატები ვერ შედგა.