მაჩალიკაშვილის საქმე

პანკისში 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის გარშემო ვნებათაღელვა არ ცხრება.

გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი პროკურატურის მიერ აღძრული სისხლის სამართლის საქმის გადაკვალიფიცირებას და გამოძიების განზრახ მკვლელობის მუხლით გაგრძელებას მოითხოვს.

ოპოზიციის გარდა, კითხვები აქვთ პრეზიდენტს და არასამთავრობო ორგანიზაციებსაც, რომლებსაც აინტერესებთ, ხომ არ გადაამეტა სპეცრაზმელმა ძალას.

სპეცოპერაციის დროს თავის არეში დაჭრილი და გუშინ გარდაცვლილი მაჩალიკაშვილის ოჯახი ახლა ექსპერტიზის შედეგს ელოდება, რომელმაც სხვა გარემოებებთან ერთად უნდა დაადგინოს, ფიქსირდება თუ არა გარდაცვლილის თითის ანაბეჭდები შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ხელყუმბარაზე. მანამდე კი ტერორიზმში ბრალდებულ პირებთან კავშირში მხილებული 19 წლის ახალგაზრდის საქმე  პოლიტიკური შეფასებების მთავარი თემაა.