ივან პრეობრაჟენსკი - საქართველოსთვის თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გააქტიურება სტრატეგიულად სასურველია

2018 წლის ბოლოს ვითარება დაიძაბა შავ ზღვაში. კერძოდ, რუსეთის მესაზღვრეებმა და უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს სამი უკრაინული გემი, რომლებიც აზოვის ზღვაში შესვლას ცდილობდნენ.

დღემდე რუსეთის ციხეში რჩება 24 უკრაინელი მეზღვაური. რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რომ საპასუხოდ შავ ზღვაში შევიდა დიდი ამერიკული სადესანტო ხომალდი. აზოვის ზღვის საპორტო ქალაქ მარიუპოლში ევროკავშირის რამდენიმე წევრის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავლენ. ევროკავშირი ასევე გეგმავს ამ ქალაქში ექსპერტების მისიის გაგზავნასაც. რატომ არის მნიშვნელოვანი შავი ზღვის უსაფრთხოება, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და რა საფრთხეების წინაშე დგას საქართველო. ამის შესახებ ვესაუბრეთ რუს პოლიტოლოგ, „დოიჩე ველეს“ საავტორო სვეტის ავტორს, ივან პრეობრაჟენსკის.

ნოემბრის ბოლოს ვიხილეთ, რუსეთის მხრიდან ქერჩის სრუტის ბლოკადის მცდელობა. თქვენი აზრით, რატომ მოხდა ეს და რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს?

ქერჩის სრუტის ბლოკადისგან რუსეთისთვის სტრატეგიულ სარგებელს ვერ ვხედავ. თუმცა, ცხადია, ეს არის უკრაინაზე ზეწოლის პოლიტიკის გაგრძელება, რასაც ბოლო წლებში ვხედავთ. ამ გზით მოსკოვი ცდილობს, განდევნოს უკრაინა აზოვის ზღვიდან. შესაძლოა, ასეთი ქმედების მიზანია უკრაინის პორტების ბლოკადა ან იმ უკრაინელების ბლოკადა, რომლებიც თანამშრომლობენ რუსეთთან და აზოვის ზღვის გავლით, კონფლიქტის ზონიდან, მაგალითად, ქვანახშირი გააქვთ.

ჩემი აზრით, რუსეთს სწორედ ასეთი, ლოკალური ამოცანა ჰქონდა, თუმცა მოსკოვმა რეაქცია ვერ გათვალა. უკრაინულმა მხარემ უკეთ იმოქმედა. სწორედ კიევის მოქმედებებმა გამოიწვია დასავლეთის  მწვავე კრიტიკა და სანქციების რეჟიმის გამკაცრება. გერმანელი პოლიტიკოსების ნაწილმა კი აზოვის ზღვის პორტებიდან მომავალი გემებისთვის ევროპული პორტების ჩაკეტვა მოითხოვა. საბოლოოდ მინუსების გარდა, ქერჩის სრუტის ბლოკადას რუსეთისთვის არაფერი მოუტანია. მეტიც გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთი აუცილებლად მიიღებს ნატოს წარმომადგენლობის ზრდას შავ ზღვაში, რაზეც ნატო აქამდე არ მიდიოდა, რათა პოტენციური კონფლიქტი აერიდებინა. ახლა კონფლიქტი ნატოს ჩარევის გარეშე გაჩნდა და მასში ჩარევა მის გამწვავებას არ ნიშნავს.

თქვენ ახსენეთ შესაძლო კონფლიქტი, ასევე ნატოს წარმომადგენლობის ზრდა, ხომ არ შეიძლება ამ ყველაფერმა მიგვიყვანოს შავი ზღვის გავლენის ზონებად დაყოფამდე? და რა ბედი ელის ამ შემთხვევაში, მაგალითად, საქართველოს?

ამ კონკრეტულ მომენტში შავი ზღვის გავლენის სფეროებად დაყოფა არ მოხდება, რადგან მთავარ მოთამაშედ მაინც თურქეთი რჩება. თურქეთი აკონტროლებს სრუტეებს და მათში რუსული და ნატოს გემების გავლას. თურქეთი აქტიურად თანამშრომლობს რუსეთთან და ამასთან  ნატოს წევრია. ამიტომ სიტუაცია დამოკიდებული იქნება თურქეთის პოზიციაზე. ნატოს გემების შეჩერება მას არ შეუძლია, რადგან ის ალიანსის წევრია. მეორე მხრივ, რუსეთთან ურთიერთობების სერიოზულად გაფუჭება მას არ სურს.  ეს ჩანს კიდეც, რადგან თურქეთი ამ საკითხზე აშშ-სთან დავასაც არ ერიდება. ამიტომ ახალი სიტუაცია თითქმის უცვლელი რჩება. შავი ზღვის გავლენის სფეროებად დაყოფა შეიძლება მოხდეს მხოლოდ რუსეთ- თურქეთის კონფლიქტის შემთხვევაში. ამ შემთხვევაში ის ქვეყნები, რომლებიც რუსეთის საზღვაო გავლენის ქვეშ მოექცევიან, რთულ ვითარებაში აღმოჩნდებიან. ეს უპირველეს ყოვლისა ეხება საქართველოს. მიიღებს კი საქართველო ნატოსგან საკმარის მხარდაჭერას? დარწმუნებული არ ვარ, რადგან ნატო არ არის მზად ღია კონფლიქტისთვის.  ამიტომ საქართველოს მოუწევს საზღვაო ვაჭრობის საკითხებზე რუსეთთან მოლაპარაკება.

სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში როგორი სტრატეგია უნდა ჰქონდეს საქართველოს ან უკრაინას?

საქართველომაც და უკრაინამაც, პირველ რიგში, უნდა ითანამშრომლონ ყველა იმ სახელმწიფოსთან, რომელთაც რუსეთის დაბალანსება შეუძლიათ. ვგულისხმობ არა იმდენად ნატოს და ევროკავშირს, არამედ – თურქეთს. ეს არის ერთადერთი სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია რუსული ხომალდები შავ ზღვაში არ გაატაროს. თურქეთს ძლიერი შავი ზღვის ფლოტი ჰყავს და შეუძლია სიტუაციის დაბალანსება. თურქეთი არის ერთადერთი ამ რეგიონში, რომელსაც შეუძლია ულტიმატუმების დაყენება და საკუთარი პოზიციის დაცვა. შესაბამისად, ახლა სტრატეგიულად სასურველია თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გააქტიურება. ქართველი დიპლომატები უნდა უხსნიდნენ თურქეთის ხელისუფლებას და პრეზიდენტ ერდოღანს, თუ რა სარგებლის მიღება შეუძლია თურქეთს, თუ საქართველო შავ ზღვაში ვაჭრობის შესაძლებელობას შეინარჩუნებს.

შეიძლება თუ არა ქერჩის სრუტეში რუსეთის ქმედებები ჩაითვალოს, რომ რუსეთს შეუძლია ძალის გამოყენება უკრაინის, საქართველოს და სხვა ქვეყნების მიმართ?

დიახ, ეს ასეა. რუსეთი, ამ შემთხვევაში, უკრაინის ქმედებებზე საპასუხოდ მოქმედებდა, მაგრამ ყველა ხვდებოდა, რა შედეგი დადგებოდა. რუსეთი მუდმივად ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ მოლაპარაკებების გარეშე, ძალის გამოყენებით, მზადაა საკუთარი ინტერესები დაიცვას. რუსეთისთვის სამხედრო ძალის გამოყენება დიპლომატიის გაგრძელებაა. მოსკოვი ღიად აცხადებს, რომ მის ინტერესებს საფრთხე თუ დაუმუქრება, ის დაუფიქრებლად გამოიყენებს ძალას.