გერმანიამ პუიჩდემონი გირაოთი გაათავისუფლა

გერმანიის სასამართლომ აჯანყების ბრალდება კარლეს პუიჩდემონის ექსტრადირებისთვის საკმარის საფუძვლად არ მიიჩნია და კატალონიის ექსპრეზიდენტი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

კარლეს პუიჩდემონს გირაოს სახით 75 000 ევროს გადახდა დაეკისრა. სასამართლოს განცხადებით, პუიჩდემონის წინააღმდეგ ესპანეთში კვლავ არსებობს კორუფციის მუხლით ბრალდებები, ეს კი იმას ნიშნავს, რომ გერმანიამ ექსტრადირება ამ ეტაპზე შეაჩერა და ბოლომდე არ გამოურიცხავს.

გერმანიის სასამართლო კატალონიის ყოფილი ლიდერის ექსტრადირების საკითხს კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში განიხილავდა.

პუიჩდემონი 25 მარტს ბერლინში მას შემდეგ დააკავეს, რაც მის წინააღმდეგ ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ საერთაშორისო დაკავების ორდერი გასცა.