კარლეს პუიჩდემონი პირობით გათავისუფლდა

ბელგიელმა გამომძიებელმა-მოსამართლემ კატალონიის ყოფილი ლიდერი კარლეს პუიჩდემონი და რეგიონული მთავრობის ოთხი ყოფილი მინისტრი პირობით გაათავისუფლა. მათ ფედერალური პროკურატურის შენობა თითქმის 12-საათიანი დაკითხვის შემდეგ დატოვეს.

ბელგიურ მხარეს, ჯერჯერობით, ესპანეთის მიერ გაცემულ საერთაშორისო ორდერთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია. ამ ეტაპზე უცნობია, დაიწყებს თუ არა ბრიუსელი ექსტრადირების პროცედურებს.

კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი აცხადებს, რომ თუ ბელგიური მხარე ესპანეთის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს, განაჩენი ყველა ინსტანციაში გასაჩივრდება. ბელგიის კანონმდებლობის თანახმად კი, აღნიშნულ პროცედურებს ორი თვე სჭირდება, რაც პუიჩდემონს კატალონიის რეგიონული მთავრობის არჩევნებში მონაწილეობის თეორიულ შანსს აძლევს.

კატალონიის ყოფილი ლიდერისა და ყოფილი მინისტრების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მათ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად გაფლანგვა, დაუმორჩილებლობა და ამბოხების მოწყობის მცდელობა ედებათ ბრალად.

კატალონიის ყოფილი ლიდერი და მისი თანაგუნდელები ბელგიის პოლიციაში საკუთარი ნებით გამოცხადდნენ.