ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება

საქართველოს გამო მოსკოვი სტრასბურგისგან გაფრთხილებას იღებს.

ექვსი სექტემბერი – ეს არის ბოლო ვადა, რომელიც ევროსაბჭომ რუსეთს 2006 წელს დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის კომპენსაციის გადახდის თარიღად განუსაზღვრა. გადაწყვეტილება ორგანიზაციის მინისტრთა კომიტეტმა მიიღო. სწორედ ის აკონტროლებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესს. იმ ადამიანებისთვის, რომლებიც 15 წლის წინ დეპორტაციის და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდნენ, რუსეთს საერთო ჯამში 10 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაცია აქვს გადასახდელი. სტრასბურგის სასამართლოს შესაბამისი დადგენილებიდან უკვე ორი წელი და ოთხი თვე გავიდა, თუმცა მოსკოვი ვალდებულების შესრულებას აგვიანებს. არსებობს საქართველოს ხელისუფლებისთვის კომპენსაციის ჩარიცხვის და შემდეგ თანხის დაზარალებულებზე გადანაწილების ალტერნატიული გზა – თანხის ევროპის საბჭოს ანგარიშზე განთავსება, რისთვისაც რუსეთმა სპეციალურ მემორანდუმს უნდა მოაწეროს ხელი.

სალომე ქოქიაშვილი გაეცნო დღევანდელ გადაწყვეტილებას.