სასამართლო რეფორმა და შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული სხვა რეფორმები საქართველოს ევროკომისარმაც შეახსენა, რომელიც თბილისს ბრიუსელიდან გამოყოფილი კიდევ ერთი მსხვილი ფინანსური პაკეტით ესტუმრა.
ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გათვალისწინებული თითქმის ოთხი მილიარდი ევრო ოთხი წლის განმავლობაში ხუთ სტრატეგიულ სფეროზე უნდა დაიხარჯოს. მათ შორისაა ციფრული სერვისები, შავ ზღვაზე გასავლელი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი და ელექტროგადამცემი ქსელები. აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნებისთვის მომზადებული საინვესტიციო გეგმის წარდგენა საქართველოდან დაიწყო. ფინანსური დახმარების მიზანი ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობაა.