ოლივერ ვარჰეის გამოხმაურება - შეფასებები

ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი მუქარასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, სატელეფონო საუბრის გარკვეული ნაწილი კონტექსტიდან ამოღებულია: „რადგანაც კარგად ვარ გათვითცნობიერებული ქართული საზოგადოების ძალიან მძაფრი პროევროპული განწყობების შესახებ, ჩემი სატელეფონო საუბრისას საჭიროდ ჩავთვალე, რომ პრემიერის ყურადღება მიმეპყრო ისედაც მყიფე ვითარების არგამწვავების მნიშვნელობაზე, რამაც შეიძლება სიტუაცია გააუარესოს, გამოიწვიოს შემდგომი პოლარიზაცია და შესაძლო უკონტროლო ვითარება თბილისის ქუჩებში. ამასთან დაკავშირებით, სლოვაკეთის ბოლო ტრაგიკული მოვლენა იქნა მოყვანილი, როგორც მაგალითი და მითითება იმისა, თუ სად შეიძლება მიგვიყვანოს პოლარიზაციის ასეთმა მაღალმა დონემ საზოგადოებაში, თუნდაც ევროპაში. კიდევ ერთხელ ვწუხვარ, რომ ჩემი სატელეფონო ზარის ერთი ნაწილი არა მხოლოდ მთლიანად იყო კონტექსტიდან ამოგლეჯილი, არამედ ისე იყო წარმოდგენილი საზოგადოებისთვის, რომ ამას შეეძლო გამოეწვია ჩემი სატელეფონო ზარის თავდაპირველად განსაზღვრული მიზნის სრულიად არასწორი ინტერპრეტაცია. კვლავ მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, არ მიიღოს ეს კანონი. ამას ვითხოვ, როგორც საქართველოს კარგად ნაცნობი და ამ დრომდე პატივცემული მეგობარი. ვაგრძელებ ქართველების მხარდაჭერას, რომლებიც განაგრძობენ ევროპული მომავლისთვის მუშაობას“, – ამბობს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერის თქმით: „გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა. ჩემთან საუბარში ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ და ამ ზომების ჩამოთვლისას ახსენა: „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“, – ვკითხულობთ კობახიძის განცხადებაში.

აღნიშნული საკითხი პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში.