ოლივერ ვარჰეის განმარტება

გამაფრთხილებელი გზავნილები კიდევ უფრო გახშირდა ევროკავშირიდან.

ევროკომისარი, რომლის ვინაობა გუშინ ირაკლი კობახიძემ არ დააკონკრეტა, ოლივერ ვარჰეი აღმოჩნდა. გაფართოების და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას კონტექსტიდან ამოგლეჯილად მიიჩნევს და განმარტავს, რატომ ახსენა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბრისას სლოვაკეთის პრემიერი რობერტო ფიცო და მასზე წინა კვირას მომხდარი თავდასხმა.

ნებისმიერი კონტექსტი მუქარად და შანტაჟად განიხილება „ქართული ოცნების“ ლიდერებისთვის. ფაქტია, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის გარშემო მწვავე საერთაშორისი რიტორიკა განსხვავებულად იკითხება პოლიტიკურ აქტორებს შორის. ის, რაც ოპოზიციისთვის ქვეყნის მეგობრების და მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორების სასიკეთო რჩევა და ქართველი ხალხის ძლიერი მხარდაჭერის დასტურია, ქვეყნის სუვერენიტეტით ვაჭრობა და შიდა საქმეებში უხეში ჩარევის მცდელობაა მმართველი პარტიისთვის. გუშინდელი სატელეფონო ზარის გარშემო სკანდალმა შიდა პოლიტიკური დაპირისპირება კიდევ უფრო გაამძაფრა.