ევრორეკომენდაციებზე მუშაობა - სასამართლო რეფორმის საკითხი

საკანონმდებლო ორგანოში ევრორეკომენდაციებზე მომუშავე ჯგუფების შეხვედრები გრძელდება. სადავო პუნქტი პოლიტიკურ ოპონენტებს შორის ამჯერად მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებაა. არასათანადო გავლენები სასამართლოზე და უნდობლობა სისტემის მიმართ – ამ გამოწვევის მოსაგვარებლად პოლიტიკურ პარტიებს განსხვავებული პოზიციები აქვთ. ე.წ. ვეთინგის სისტემის დანერგვას ითხოვს ყოფილი სახელისუფლებო პარტია. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიაჩნიათ, რომ მოსამართლეთა საქმიანობა საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფმა უნდა შეაფასოს. ცვლილებების აუცილებლობას ეთანხმება ოპოზიციის დიდი ნაწილი, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას არ იზიარებს.

საფრთხის შემცველს უწოდებენ შემოთავაზებულ მოდელს „ქართულ ოცნებაში“. უმრავლესობაში განმარტავენ, რომ „ვეთინგის სისტემა“ ქვეყნის უზენაეს კანონთან წინააღმდეგობაშია. პოლიტიკური სპექტრის ერთობლივ მუშაობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს დიპლომატიური კორპუსი და აცხადებენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების გზა ევროკომისიის ცხრა დათქმის შესრულებაზე გადის.