დაკავება შეკვეთილი მკვლელობის მომზადების ბრალდებით
ოჯახის წევრის მიმართ შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა მამაკაცმა, განქორწინების შემდეგ, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის გამო, ყოფილი მეუღლის შეკვეთით მკვლელობა განიზრახა. ბრალდებული დაუკავშირდა ნაცნობს და 25 000 დოლარის სანაცვლოდ, ე.წ. ქილერის მოძიება დაავალა. ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული მკვლელობის განხორციელებას იმ დროს ითხოვდა, როდესაც მათი სამი არასრულწლოვანი შვილი დედასთან არ იქნებოდა. ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და მობილური ტელეფონი, რომლის საშუალებითაც ბრალდებული ნაცნობს უკავშირდებოდა. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.