დავით ოთხმეზურის მკვლელობის ბრალდებაში გამართლებული პირის საქმეზე ზეპირი მოსმენა მიმდინარეობს

უზენაეს სასამართლოში დავით ოთხმეზურის მკვლელობის ბრალდებაში გამართლებული ასლან ბეჟანიძის საქმეზე ზეპირი მოსმენა მიმდინარეობს.

პროკურატურა საკუთარ საკასაციო სარჩელს რამდენიმე საათის განმავლობაში კითხულობდა. მოსამართლეთა კოლეგიაში შედის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე. პროკურატურა ბეჟანიძის მიმართ ორი ინსტანციის მიერ გამოტანილ გამამართლებელ განაჩენს ასაჩივრებს.

დავით ოთხმეზური 13 წლის წინ პეკინის და მიცკევიჩის ქუჩების კვეთაზე მოკლეს. საქმე მხოლოდ 11 წლის შემდეგ გამოაცხადეს გახსნილად. ასლან ბეჟანიძეს ბრალად ედებოდა 19 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობა. მან 9 თვე წინასწარ პატიმრობაშიც გაატარა. საქალაქო სასამართლოს მიერ ბეჟანიძე გამართლდა. ასევე, ის გაამართლა სააპელაციო სასამართლომაც.

საკასაციო სარჩელში პროკურატურამ თქვა, რომ ბეჟანიძემ წლების წინ მკვლელობა ჩაიდინა, რაზეც ოპერატიული ინფორმაცია მაშინაც არსებობდა, თუმცა ის ოჯახის დახმარებით გამოძიებას მიემალა.

ამ წუთებში საკუთარი სიტყვით დაცვის მხარე სარგებლობს. ადვოკატი მიუთითებს, რომ ამ საქმეში წარმოდგენილი მოწმეები, პროკურატურასთან თანამშრომლობის საფუძველზე ცრუ ჩვენებებს აძლევდნენ.