დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში

მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის თამაკონის ლაზარეს აღდგინების ტაძარში წირვა ჩაატარა მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა. წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას, მან იმ სამ სასულიერო პირზე ისაუბრა, ვის განკვეთასაც გეგმავდა.

მიტროპოლიტმა სტეფანემ აღნიშნა, რომ მას არ სურს ვინმეს დასჯა ან განკვეთა ეკლესიიდან. თუმცა ისიც თქვა, რომ თუ ხვალ სალხინოს მამათა მონასტრის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებულ წირვაზე რამე მოხდება, პასუხისმგებლობა განყენებულ სასულიერო პირებს დაეკისრებათ.

მიტროპოლიტს ქადაგების შემდეგ ის სასულიერო პირები შეხვდნენ, რომლებიც მან გადააყენა. სასულიერო პირებმა ისევ მოითხოვეს მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხი, თუმცა, როგორც თავად ამბობენ, პასუხები ვერ მიიღეს. რაც შეეხება ხვალ სალხინოში დაგეგმილ წირვას, გადაყენებული სასულიერო პირები აცხადებენ, რომ მიტროპოლიტმა წირვაზე მისვლისკენ მოუწოდა მთელ საქართველოს და არა ადგილობრივ მრევლს. ისინი არ გამორიცხავენ, რომ ხვალ დაპირისპირებაც მოხდეს.