მეუფე სტეფანეს გადაწყვეტილება

მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა ეპარქიის ათამდე სასულიერო პირი განკვეთა. ამის შესახებ მიტროპოლიტმა მარტვილის საკათედრო ტაძარში, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებაზე განაცხადა. მიტროპოლიტ სტეფანეს განცხადებით, აღნიშნული სასულიერო პირები „დესტრუქციის მცდელობისთვის“ და მოწყობილ ამბოხში მონაწილეობისათვის განკვეთეს. განკვეთილთა შორის არიან – მამა დანიელ გვილავა, მამა ათენოგენ მდივანი და პეტრე ღუდუშაური. მიტროპოლიტმა ქადაგებისას ეკლესიის წინააღმდეგ ქმედებებზე და გავრცელებულ ვიდეოფაილებზეც ისაუბრა. სტეფანე კალაიჯიშვილის გადაწყვეტილების საპასუხოდ, განკვეთილი სასულიერო პირები აცხადებენ, რომ მეუფე სტეფანეს არ დაემორჩილებიან, რადგან ის ანგარებით მოქმედებს და მთავარი მიზანი ეპარქიაში არსებული მძიმე ცოდვების დამალვაა. ბერები არ გამორიცხავენ, რომ მათ მონასტრების დატოვება საპოლიციო ძალით მოსთხოვონ, თუმცა ისინი სასამართლოში დავისთვისაც მზად არიან. პარალელურად კი, საპატრიარქოში შეტანილ განცხადებაზე პასუხს ელოდებიან.