მსოფლიოში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, კოვიდ-19-ის 11 მილიონზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. დაღუპულია 537 487 ადამიანი. ვირუსის გავრცელების, ასევე ლეტალური შემთხვევების კუთხით, ყველაზე რთული მდგომარეობა კვლავ ამერიკის შეერთებულ შტატებშია, სადაც ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 44 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. ამერიკას მოსდევს ბრაზილია, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობა მილიონ-ნახევარს აჭარბებს, დაღუპულია 65 000-ზე მეტი ადამიანი. რაც შეეხება ევროპის ქვეყნებს, შემთხვევათა რაოდენობის მატების გამო, საბერძნეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, საბერძნეთისა და სერბეთის საზღვარი იკეტება. სერბეთში ბოლო 24 საათში, კოვრონავირუსის 300-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, რის გამოც, ქვეყნის დედაქალაქსა და რამდენიმე ქალაქში კვლავ კარანტინი გამოცხადდა. კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა იზრდება ისრაელშიც, რის გამოც, მთავრობა ქვეყანაში ახალი რეგულაციების დაწესებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც შეიზღუდება ადამიანთა რაოდენობა რესტორნებსა და სინაგოგებში, ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტში. გაიზრდება ჯარიმები ნიღბის ტარებასთან დაკავშირებული წესების დარღვევისთვის, დაიხურება საკონცერტო დარბაზები, კულტურული დაწესებულებები, სპორტდარბაზები, აუზები, ბარები და ღამის კლუბები.