რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან წალენჯიხის მუნიციპალიტეტს დამატებით 2 650 000 ლარი გადაეცემა. ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი გუგუჩიამ განაცხადა. გუბერნატორი, მოადგილესთან და რეგიონული პროექტების სამსახურის უფროსთან ერთად წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერს, გიორგი ხარჩილავას და ამავე მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს შეხვდა. განიხილეს გამოყოფილი თანხით დასაფინანსებელი პროექტები. თანხა ძირითადად საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას უნდა მოხმარდეს. გიორგი გუგუჩიას განმარტებით, ცენტრალური ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მთავრობის ყველა არსებული პროგრამა განხორციელდეს, რაც მოქალაქეებისთვის მეტი შესაძლებლობისა და უკეთესი ინფრასტრუქტურის შექმნისთვისაა საჭირო. წალენჯიხის მსგავსად რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხები გამოეყოფა სხვა მუნიციპალიტეტებსაც. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყოფილ თანხებს, მთავრობის გადაწყვეტილებით ივნისის ბოლოს მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტი ერთ მილიონამდე ლარს მიიღებს.