საბავშვო ბაღების თანამშრომელთა პროტესტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ხარჩილავას მიერ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დაანონსებულ რეფორმებს მესამე დღეა, საბავშვო ბაღების თანამშრომლები აპროტესტებენ. დღეს ისინი ვიცემერს, ივანე ბურდულს შეხვდნენ. თუმცა, როგორც საბავშვო ბაღების თანამშრომლებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს, მერიასთან ვერანაირ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

ბაღების გაერთიანების თანამშრომლები აქციებს აანონსებენ. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ხარჩილავას განცხადებით, მუნიციპალიტეტის 35 ბაღში 368 თანამშრომელია, ხოლო აღსაზრდელების დღიური გამოცხადება 491. მისი თქმით, საბავშვო ბაღების ბიუჯეტის 84 პროცენტი ხელფასებში მიდის, ბავშვთა კვებაზე კი მინიმალური თანხა იხარჯება. მერი 35 თანამშრომლის გათავისუფლებით 190 000 ლარის გამოთავისუფლებას გეგმავს, რაც მისი თქმით, კვების რაციონის გაუმჯობესებას, წიგნების შეძენას და თანამშრომელთა ხელფასის ათი პროცენტით გაზრდას მოხმარდება.