დაფინანსების წესის ცვლილება და მაუწყებლის დამოუკიდებლობის ხელყოფის რისკი

პარლამენტი პირველი არხის დაფინანსების წესს ცვლის.

ტელევიზიის წლიური ბიუჯეტი ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტზე ხდება მიბმული, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობას და მისი ფუნქციების სრულყოფილად შესრულებას საფრთხის ქვეშ აყენებს. მით უმეტეს, მაშინ, როცა არხი განვითარების პროცესშია, მალე ახალ შენობაში უნდა გადავიდეს, მიმდინარეობს ტექნიკური გადაიარაღება და ციფრულად გარდაქმნის პროცესი. „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ მომზადებულ კანონპროექტს ოპოზიციის მხარდაჭერაც აქვს.

საზოგადოებრივი მაუწყებლობის არსის დაკნინების არგუმენტით მწვავეა საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის პოზიცია. დაგეგმილი ცვლილებები აშფოთებს ევროპის მაუწყებელთა კავშირსაც. იბიუ კანონპროექტს მიღმა ტელევიზიის საქმიანობაში პოლიტიკური ჩარევის ზრდის საფრთხეს ხედავს. მათი შეფასებაა, რომ მაუწყებლის მხრიდან ყოველწლიურად ხელისუფლებასთან ბიუჯეტზე მოლაპარაკებებს არასათანადო გავლენა ექნება. ევროპის მაუწყებელთა კავშირი კანონპროექტის გადახედვას ითხოვს და პარლამენტის თავმჯდომარისთვის გაგზავნილ წერილში პირდაპირ წერს, რომ დაფინანსების სქემის ცვლილება საქართველოში საზოგადოებრივი მაუწყებლობის სისტემის განადგურებას გამოიწვევს.