ონკოპაციენტი ბავშვების უცხოეთში მკურნალობა სრულად დაფინანსდება

ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების უცხოეთში მკურნალობა სრულად დაფინანსდება.

გადაწყვეტილება დღეს პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა. ამ მომენტისთვის იმ კლინიკებს არჩევენ, სადაც საქართველოდან წასული მძიმე დიაგნოზის პაციენტები მკურნალობის სრულ კურსს გაივლიან. განიხილება ისრაელის, თურქეთის და ესპანეთის კლინიკები. პროგრამისთვის ბიუჯეტიდან წელიწადში 30 მილიონი ლარი გამოიყოფა, რაც მკურნალობის გარდა სამგზავრო და საცხოვრებელი ხარჯების დაფარვასაც გულისხმობს.

იმის გამო, რომ მძიმე სენით დაავადებული ბავშვების განკურნებისთვის საჭირო სამკურნალო სერვისების დიდი ნაწილი საქართველოში ხელმისაწვდომი არ არის, მშობლებს მათი უცხოეთში წაყვანა უწევდათ, რაც საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.