ბიოსფერული რეზერვატის სტატუსის მინიჭება

საქართველოში ორ დაცულ ტერიტორიას ბიოსფერული რეზერვატის სტატუსი მიენიჭა.

UNESCO-მ საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი ნომინაცია შენიშვნების გარეშე დააკმაყოფილა – გაჩნდა „დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატი“ და „სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატი“. სამხრეთ კავკასიის რეგიონში ეს პირველი ბიოსფერული რეზერვატის სტატუსის მქონე დაცული ტერიტორიებია. ბიოსფერული რეზერვატი არის ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება ბუნების კონსერვაციისა და მდგრადი მიწათსარგებლობის ერთიანი პრაქტიკის დასანერგად. ბიოსფერული რეზერვატი ხელს უწყობს მდგრად რეგიონულ განვითარებას და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, ასრულებს მნიშვნელოვან როლს კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და შერბილების კუთხით. იზრდება დაინტერესება ორგანული პროდუქციის წარმოების კუთხით, რაც პირდაპირ კავშირშია მდგრად ეკონომიკურ განვითარებასთან. აღნიშნულის გათვალისწინებით, ბიოსფერული რეზერვატის შექმნა ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის გაზრდის დიდ შესაძლებლობას იძლევა. საქართველოში ბიოსფერული რეზერვატის დაარსების და განვითარების პოტენციალის შესწავლა 2015 წლიდან მიმდინარეობდა.