სკანდალური ინტერვიუს და ჩვენების მიცემის შემდეგ დაკავებული ყოფილი სამართალდამცველი ბრალს აღიარებს.
თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ერთი-ერთი ყოფილი გამომძიებელი ადასტურებს, რომ ცრუ ჩვენება მისცა. განცხადებებს, სადაც ის გახმაურებული საქმის საეჭვო გარემოებებზე, მათ შორის, გარდაცვლილის ტელეფონის დაულუქავ მდგომარეობაში ჩაბარებაზე საუბრობდა, უკვე დღეს ადვოკატის მეშვეობით უარყოფს. ერთ-ერთ მედია საშუალებასთან სერგო შუბითიძის ცნობილ ინტერვიუს და შემდეგ მაგისტრი მოსამართლისთვის მიცემულ ჩვენებას არ ემთხვევა იმ გამოძიების შედეგებიც, რომელიც სწორედ ყოფილი გამომძიებლის სკანდალური განცხადებების შემდეგ დაიწყო. მოწმეების დასაკითხად წინასწარ შედგენილი და გადაცემული კითხვები, ტელეფონის კანონდარღვევით დალუქვა და ხარვეზებით მიმდინარე გამოძიება – რეზონანსული საქმის ბუნდოვან გარემოებებზე შუბითიძე ცოტა ხნის წინ ღიად ალაპარაკდა. ბაჩალიაშვილის ოჯახი ყოფილ გამომძიებელს სრულ ნდობას უცხადებს და დარწმუნებულია, რომ ცრუ ჩვენების ბრალდებას ის ახლა ზეწოლით აღიარებს.