ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩადენილი დანაშაულებისთვის 33 ადამიანს სანქციები ემუქრება.

ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია მზად არის და მთავრობიდან პარლამენტს დასამტკიცებლად ეგზავნება. ჩამონათვალში მოხვდნენ გიგა ოხოზორიას მკვლელობისთვის დაუსწრებლად გასამართლებული ე.წ. მესაზღვრე და ცხინვალის ის ორი ე.წ. სამართალდამცველი, რომლებსაც არჩილ ტატუნაშვილის გატაცებასა და მის ჯგუფურ წამებაში დახმარებას ედავებიან. დადგენილება, რომელიც მთავრობამ დეპუტატების მიერ მარტში მიღებული რეზოლუციის შესაბამისად მოამზადა, არაერთ შეზღუდვას, მათ შორის ფინანსურ სანქციებს გულისხმობს.

შავ სიაში მყოფი პირების წინააღმდეგ გასატარებელი ზომების აღსრულებაზე ზრუნვა საგარეო, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებს მოუწევთ.