ბიზნესომბუდსმენი ტყიბულის შახტის ტრაგედიას ეხმაურება

ტყიბულის შახტის მოდერნიზაცია დაკავშირებულია მნიშვნელოვან ინვესტიციასთან და შესაძლოა, მფლობელი კომპანიის შესაძლებლობებს აღემატებოდეს, – ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კომპანია „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფს“ ოპერირების დღიდან მოგება არ აქვს.

„ძალიან სამწუხაროა მომხდარი ფაქტი. ნებისმიერ პროცესს, რომელიც სახიფათოა ადამიანის სიცოცხლისთვის, გაუმჯობესება სჭირდება. კომპანიისთვის, რომელიც ოპერირებას უწევს აღნიშნულ ობიექტს, შახტი არის ერთგვარი სოციალური პროექტი, რადგან მისი ოპერირების დღიდან კომპანიას ზარალი აქვს და არა მოგება. ოპერირების შეჩერება არის ოპტიმალური გადაწყვეტილება. არსებული ინფრასტრუქტურა იმდენად მოძველებულია, რომ სახიფათოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. აღნიშნული ობიექტის მოდერნიზაცია დაკავშირებულია მნიშვნელოვან ინვესტიციასთან და კომპანიის შესაძლებლობებს შესაძლოა აღემატებოდეს. კომპანიის სურვილი, რომ უზრუნველყოს მისი გადაცემა სახელმწიფოსთვის, აქედან არის გამოწვეული. თუმცა, გადაცემასაც აქვს თავისი პროცედურები. გარკვეული ხარჯები სჭირდება კონსერვაციასაც. მნიშვნელოვანია კონსულტაციები, როგორ იქნება დანახარჯები ოპერირების გაგრძელებასთან თუ შეწყვეტასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ გამოთქვამს მზადყოფნას, უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში გაწეული მნიშვნელოვანი დანახარჯების მიუხედავად, კომპანია „საქნახშირი“ უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს. 

შეგახსენებთ, მინდელის შახტში მომხდარ შემთხვევას გუშინ ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ექვსი ადამიანი. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

ტყიბულის შახტი კომპანია „საქნახშირს“ ეკუთვნის. შახტში ტრაგედია მიმდინარე წლის 5 აპრილსაც მოხდა. მაშინ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება მინდელის სახელობის შახტის დახურვის შესახებ. მისი ინფორმაციით, შახტი მუშაობას არ განაახლებს, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ტყიბულის შახტში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.