ხვიჩა გაბუნია - ტყიბულში ბოლო ერთ წელში 16 დაღუპული და ათობით დაშავებული გვყავს, რაც არასწორი მენეჯმენტითა და მმართველობითაა განპირობებული
ხვიჩა გაბუნია - ტყიბულში ბოლო ერთ წელში 16 დაღუპული და ათობით დაშავებული გვყავს, რაც არასწორი მენეჯმენტითა და მმართველობითაა განპირობებული

ბოლო ერთი წლის განმავლობაში 16 დაღუპული და ათობით დაშავებული ადამიანი გვყავს, რაც არასწორი მენეჯმენტითა და მმართველობითაა განპირობებული, – ამის შესახებ მეშახტე ხვიჩა გაბუნიამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„შახტებში მდგომარეობა საკმაოდ რთული და კრიტიკულია. მოცემულ უბნებზე მწყობრიდანაა გამოსული თითქმის ყველა ბერკეტი, რომელიც იქ მდებარეობს“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით, მეშახტეების ძირეული მოთხოვნაა, საქმის სრულყოფილი გამოძიება მოხდეს და დაისაჯონ ის პირები, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ არ იმუშავა უსაფრთხოების სისტემამ, რომელსაც კომპანიის წარმომადგენლების თქმით, მეთანის კონცენტრაციის კონტროლი უნდა მოეხდინა, ხვიჩა გაბუნიამ განაცხადა, რომ ამ სისტემით, რაშიც კომპანიამ ფული გადაყარა, ხელმძღვანელობა მოცემულ ჰორიზონტებზე ადამიანების გადაადგილებას აკონტროლებს, ეს მათზე მორგებული სისტემაა და არა უსაფრთხოების უზრუნველყოფის სისტემა.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, შეიცვალა თუ არა შახტში შრომითი უსაფრთხოების პირობები აპრილის შემთხვევის შემდეგ, მეშახტემ აღნიშნა, რომ ამაზე ფაქტები მეტყველებს.

ხვიჩა გაბუნიამ მთავრობასა და საზოგადოებას გვერდით დგომისკენ მოუწოდა.

„მოვითხოვთ და ვთხოვთ მთავრობას, გვერდით დაგვიდგეს. გვერდით დგომას ვთხოვთ ყველას, სრულიად საქართველოს, რომ ტყიბულში მსგავსი შემთხვევები აღარ მოხდეს, რადგან ამ მოვლენით მთელი ქალაქი შეძრულია“, – განაცხადა ხვიჩა გაბუნიამ.