ტყიბულის პოლიციაში „საქნახშირის“ უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გამოკითხეს
ტყიბულის პოლიციაში „საქნახშირის“ უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გამოკითხეს

ტყიბულის პოლიციაში „საქნახშირის“ უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გელა გაბელაშვილის გამოკითხვა დასრულდა. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.

გელა გაბელაშვილს სამართალდამცველები რამდენიმე საათის განმავლობაში უსვამდნენ შეკითხვებს.

გაბელაშვილმა შენობა ისე დატოვა, რომ გამოკითხვის დეტალებზე არ უსაუბრია. მან მხოლოდ ის განმარტა, რომ სამართალდამცველები შახტში მომხდარი აფეთქებით დაინტერესდნენ.

გამოკითხვები ტყიბულის პოლიციაში დილიდან მიმდინარეობს.

ტყიბულში, მინდელის შახტში მომხდარ შემთხვევას დღეს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ექვსი ადამიანი. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.