მამუკა ბახტაძე - მიღებულია გადაწყვეტილება შახტის დახურვის შესახებ,  ვიდრე გამოძიება არ დასრულდება, შახტი მუშაობას არ განაახლებს
მამუკა ბახტაძე - მიღებულია გადაწყვეტილება შახტის დახურვის შესახებ,  ვიდრე გამოძიება არ დასრულდება, შახტი მუშაობას არ განაახლებს

სახელმწიფო ვერ დაუშვებს საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაუცველობას,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

ბახტაძე მინდელის შახტში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა და დაღუპულების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.

როგორც პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მიღებულია გადაწყვეტილება შახტის დახურვის შესახებ.

მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, შახტი მუშაობას არ განაახლებს, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება.

„მინდელის სახელობის შახტში დღეს დილით მორიგი ტრაგედია დატრიალდა. მთელი გულით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და თანადგომას ვუცხადებ ამ მძიმე წუთებში.

სახელმწიფო ვერ დაუშვებს საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაუცველობას. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება შახტის დახურვის შესახებ.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება და ყველა პასუხისმგებელი პირი დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით. შახტი არ განაახლებს მუშაობას, ვიდრე არ დასრულდება როგორც სისხლის სამართლებრივი გამოძიება, ისე მაღალკვალიფიციური საერთაშორისო საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა.

შახტში დასაქმებულებს ამ პერიოდის განმავლობაში აუნაზღაურდებათ ხელფასი“,- აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მინდელის შახტში დღეს დილით ტრაგედია მოხდა. შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ექვსი ადამიანი. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

ტყიბულის შახტი კომპანია „საქნახშირს“ ეკუთვნის. შახტში ტრაგედია მიმდინარე წლის 5 აპრილსაც მოხდა. მაშინ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა.