„ანდრია რაზმაძე“

ფილმი მოგვითხრობს პირველი ქართული უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლის, ქართული მათემატიკური სკოლის ფუძემდებლის ანდრია რაზმაძის შესახებ.

ანდრია რაზმაძემ ახალგაზრდობაში მოასწრო მსოფლიოში აღიარებული მათემატიკოსის სახელის მოხვეჭა. მას არაერთხელ სთხოვეს პარიზში გადასვლა და იქ მუშაობის გაგრძელება, მაგრამ ყველა შეთავაზებაზე უარი თქვა.

მისი ოცნება ქართული უნივერსიტეტის აღზევება და საქართველოში ძლიერი მათემატიკური სკოლის დაარსება იყო.

ახლადდარსებულ ქართულ უნივერსიტეტში ანდრია რაზმაძე იყო მათემატიკური მეცნიერების ერთადერთი სპეციალისტი და სწორედ ის ჩაუდგა სათავეში მათემატიკური აზროვნების ქართულად წარმართვის პროცესს.

იმ ხანად თბილისში არ არსებობდა სტამბა, რომელსაც მათემატიკური ტექსტის ასაწყობად საჭირო ნიშნები ექნებოდა, არც სათანადო კვალიფიკაციის ასოთამწყობი მოიპოვებოდა. ანდრია რაზმაძის ძალისხმევით ეს დაბრკოლებაც დაძლეულ იქნა. სტამბაში ნიშნების ჩამოსხმა და ბეჭდვა მისი უშუალო მონაწილეობით ხდებოდა და უნივერსიტეტის დაარსებიდან ორი წლის შემდეგ ანდრია რაზმაძის „მათემატიკური ანალიზის კურსის შესავალი“ გამოიცა.

XX საუკუნის 20-იან წლებში მსოფლიოს მაშტაბით გამართულ მათემატიკურ კონგრესებზე ანდრია რაზმაძე ყოველთვის გამოდიოდა არა საბჭოთა კავშირის, არამედ საქართველოს სახელით და ცდილობდა პოპულარიზაცია გაეწია ქართული მეცნიერებისათვის.

ანდრია რაზმაძეს დიდხანს სიცოცხლე არ დასცალდა, ის 1929 წელს 39 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ცნობილმა ქართველმა ფილოსოფოსმა და საზოგადო მოღვაწემ შალვა ნუცუბიძემ ანდრია რაზმაძის მოღვაწეობა ასე შეაფასა: „ანდრია რაზმაძე ის ბერკეტი იყო, რომლის მეოხებით ჩვენ ავსწიეთ საქართველოს უნივერსიტეტის ყველაზე მძიმე ტვირთი. ის მომდევნო დროშიაც ასეთივე საიმედო დასაყრდენი იყო ქართული მეცნიერების და მას ამ მეცნიერების დროშა არ დაუხრია მანამდე, ვიდრე მისი სიცოცხლის აღსასრულის ჟამმა არ დაჰკრა“.

რეჟისორი – ბესიკ გაფრინდაშვილი, სცენარისტი – არჩილ შუბაშვილი, წამყვანი – მერაბ კოკოჩაშვილი

დოკუმენტური ფილმები

საიდუმლო კარტოთეკა

სტოქსი… პოლკოვნიკის დახეული წერილები

თბილისის კართან

იონას საქართველო

ეპოქა

დოკუმენტური ფილმები

დატოვე კომენტარი