ახალი ავტობუსები რუსთავში

დღეიდან ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების მოსახლეობას ახალი 51 ერთეული ავტობუსი მოემსახურება. რეგიონებისთვის ახალი სამგზავრო ავტობუსების გადაცემის ღონისძიება რუსთავში გაიმართა. რეგიონებისთვის ახალი ავტობუსების შეძენა პრემიერის გადაწყვეტილებით განხორციელდა. პროექტი ითვალისწინებს „ისუზუს“ ფირმის 154 ერთეული, 8-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვას, რომლებიც ქვეყნის 38 მუნიციპალიტეტში გადანაწილდება. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ავტობუსები 47 მგზავრზე გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერის გამარჯვებულმა კომპანიამ „ჯითი გრუპი“ 51 ერთეული ავტობუსი საქართველოში უკვე ჩამოიყვანა, პროცესი მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება, ნაწილი კი ქვეყანაში 2024 წლის დასაწყისიდან ეტაპობრივად ჩამოვა.