ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ოჯახში ძალადობის მარეგულირებელ კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. ცვლილებების მიზანია, მეტი აქცენტი გამახვილდეს ძალადობრივი ქცევის ადრეულ ეტაპზე გამოვლენასა და პრევენციაზე.

კანონპროექტის თანახმად, მოძალადეს ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სპეციალური კურსის გავლა მოუწევს. როგორც კანონპროექტშია აღნიშნული, ფსიქიატრიული ან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებულ მოძალადეს, მსხვერპლის განცხადების საფუძველზე, მასთან კომუნიკაცია აეკრძალება.

პროექტის მიხედვით, მსხვერპლის მიერ მოძალადის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელებზე სახელმწიფო ბაჟი უქმდება. ამასთან, კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულისთვის სასამართლოს მხრიდან ძირითად სასჯელად ფულადი ჯარიმის დაკისრება იკრძალება.

ცვლილების მიხედვით, პოლიცია პენიტენციური თუ ფსიქიატრიული სისტემიდან გათავისუფლებულ მოძალადეს პერიოდულად შეამოწმებს, რათა განმეორებითი ძალადობის რისკი დროულად შეაფასოს და მოახდინოს პრევენცია.