კამათი და სიტყვიერი დაპირისპირება იყო პარლამენტში. იურიდიულ და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ერთმანეთს დეპუტატები ალუდა ღუდუშაური და სოფიო ხორგუანი დაუპირისპირდნენ. კონფლიქტის განსამუხტად სხდომაზე 5-წუთიანი შესვენებაც გამოცხადდა. მხარეებს შორის ცხარე კამათის მიზეზი მათი პოლიტიკური პოზიციები იყო, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ, საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ. 2025 წლის ანგარიში კომიტეტებს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ წარუდგინა. ბექა ძამაშვილმა მიმდინარე და დასრულებულ საქმეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ დროისათვის ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ 225 მიმდინარე საქმეა. მისი განცხადებით, აღნიშნული რაოდენობა 15-წლიან პერსპექტივაში კარგი მაჩვენებელია, რადგან საქმეების 93%-იანი კლებაა. იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის ცნობით, 2011 წელს, 3000-ზე მეტი საჩივარი განიხილებოდა. ძამაშვილი ახალ სტატისტიკას, გატარებულ რეფორმებს და მართლმსაჯულების მიმართ გაზრდილ ნდობას უკავშირებს.