პროკურორი - მზად ვართ, არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის ექსპერტიზისთვის დაცვის მხარეს საჭირო ნივთიერი მტკიცებულებები გადავცეთ
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორი აცხადებს, რომ პროკურატურა მზადაა, დაცვის მხარეს ექსპერტიზისთვის საჭირო ნივთიერი მტკიცებულებები გადასცეს.
ზვიად ფხაკაძის ინფორმაციით, ეს მათ პირველდ 24 აპრილს დააფიქსირეს, თუმცა ამ დრომდე დაცვის მხარეს ნივთიერი მტკიცებულებები, რაც ალტერნატიული ექსპერტიზისთვის არის საჭირო, არ წაუღია.
„მინდა გთხოვოთ, რომ ეს ინფორმაცია დააფიქსიროთ. 2018 წლის 24 აპრილს დავაფიქსირეთ პოზიცია, რათა დაცვის მხარეს ნივთიერი მტკიცებულებები წაეღო, რომელზეც თითქოს ამბობენ, რომ არ ვაძლევთ. ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ ადგილსა და დროს დოკუმენტაციის გაფორმებისთანავე მივაწოდოთ ეს ნივთიერი დოკუმენტაცია. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ 24 აპრილს დავაფიქსირეთ ეს პოზიცია. ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა“, – განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვა დღეს მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება.
როგორც მოკლული ლევან დადუნაშვილის ოჯახის ადვოკატმა ხათუნა მაღლაკელიძემ პირველ არხს განუცხადა, არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე დაიკითხებიან როგორც უშუალოდ ფაქტის შემსწრე, ასევე მომხდარის შესახებ ინფორმირებული პირები.