ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვა დღეს მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვა დღეს მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება

არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე დღეს დაიკითხებიან როგორც უშუალოდ ფაქტის შემსწრე, ასევე მომხდარის შესახებ ინფორმირებული პირები, – ამის შესახებ მოკლული ლევან დადუნაშვილის ოჯახის ადვოკატმა ხათუნა მაღლაკელიძემ პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მეგობრები გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ.

„ამ დრომდე გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, პირადად მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ აუცილებლად იქნება გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი და ის ლევანისა და დათოს მიმართ ჩადენილი დანაშაულის ადეკვატური იქნება“, – განაცხადა ხათუნა მაღლაკელიძემ.

​დადუნაშვილების ოჯახის ინტერესების დამცველი ფიქრობს, რომ ზოგიერთი მედიასაშუალება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს, კერძოდ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ გამოძიება არასწორად მიმდინარეობს.

„ეს ეხება, როგორც მოწმეთა ჩვენებებს, ისე ექსპერტის დასკვნებს. საქმეში რომ ყოფილიყო ერთი გარდაცვლილი, წარმოდგენილი ყოფილიყო ერთი დანა და ჭრილობაც ერთი ჰქონოდა მიყენებული ამ გარდაცვლილს, ექსპერტი იმავე შინაარსის დასკვნას დაწერდა, რაც დღევანდელი მდგომარეობით არის წარმოდგენილი.

მოგეხსენებათ, გაიჟღერა ინფორმაციამ, რომ ექსპერტმა ვერ განახორციელა იდენტიფიცირება, რომელი ჭრილობა რომელი დანით არის მიყენებული, ამიტომ ვამბობ, საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანა მიმდინარეობს. იურისტებმა, რომლებიც ამგვარ შინაარსის განცხადებებს აკეთებენ, იციან, რომ სხვა საქმეებშიც, შედარებითი კვლევის საფუძველზე მომზადებულ დასკვნებს ექსპერტები ამგვარი ინტერპრეტაციით გასცემენ. გვირეკავენ როგორც ნაცნობები, ასევე უცნობები და გვეკითხებიან, კი მაგრამ ეს დანაშაული გაუხსნელი რჩება? – ანუ ისეთი შთაბეჭდილება რჩებათ, თითქოს, პირებს, რომლებიც ბრალდებულებად არიან წარდგენილი, დანაშაული არ ჩაუდენიათ და თურმე მათ რაღაც არასწორი გამოძიების საფუძველზე წაუყენეს არასწორი ბრალდება“, – განაცხადა დადუნაშვილების ოჯახის ადვოკატმა.

დღესვე, დადუნაშვილების ოჯახი, საკუთარ ადვოკატთან ერთად, სახალხო დამცველს შეხვდება. შეხვედრის მოთხოვნით, ერთი კვირის წინ, ომბუდსმენს თავად გარდაცვლილის ოჯახმა მიმართა.

მათი მოთხოვნაა დადგინდეს, ვინ გაახმაურა არასრულწლოვნების საქმის დახურული პროცესებიდან მოწმის ჩვენებები და რას ემსახურებოდა ეს ქმედება.

შეგახსენებთ, გასული წლის 1-ელ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი კამათისას, 51-ე სკოლის ორი არასრულწლოვანი მოსწავლე – ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე მოკლეს.